„ასოშიეთედ პრესი“ - ორი რადიოსადგურის წამყვანები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებმა პრეზიდენტთან ინტერვიუსთვის კითხვები წინასწარ გადასცეს
ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის რადიოინტერვიუსთვის ჟურნალისტებს კითხვები წინასწარ გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.
როგორც ორი რადიოსადგურის წამყვანებმა თავად დაადასტურეს, მათ ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებისგან პრეზიდენტისთვის დასასმელი კითხვების ნუსხა წინასწარ მიიღეს.
რადიოწამყვან ერლ ინგრამის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეები მას პირადად დაუკავშირდნენ და გადასცეს ოთხი კითხვა, რომელთა დასმაზეც წინასწარი მოლაპარაკებები არ გამართულა.
კიდევ ერთმა რადიოწამყვანმა, ანდრეა ლოუფულ-სანდერსმა თქვა, რომ ბაიდენისთვის დასასმელი რვა კითხვა წინასწარ მიიღო, თუმცა მხოლოდ ოთხი კითხვა დაადასტურა.
საპასუხოდ, ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებმა თქვეს, რომ კითხვების წინასწარი შეთანხმება მიღებული პრაქტიკაა და მათ პრეზიდენტისთვის კონკრეტული კითხვების დასმა წინაპირობად არ წაუყენებიათ.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა ორ რადიოსადგურს ინტერვიუ დონალდ ტრამპთან პირველი სატელევიზიო დებატების შემდეგ მისცა, რომელშიც მისი გამოსვლა წარუმატებელი იყო.