ასოცირების შეთანხმების შესახებ ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი კვლავ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ 2019 წლის ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, სხვა თემებთან ერთად, საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხსაც ეხება.
ანგარიშში ამ კუთხით საუბარია „ბორდერიზაციის“ პროცესზე, ასევე გაადადგილების შეზღუდვაზე.
„2019 წლის განმავლობაში ადგილზე არსებული ვითარება გაუარესდა. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხარებული რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით „ბორდერიზაციასთან” დაკავშირებული ქმედებები გააძლიერა და ადმინისტრაციულ საზღვარსა და თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიას შორის კონტროლირებადი გამშვები პუნქტები მრავალჯერ დახურა. ამან გამოიწვია ადამიანებისთვის დამატებითი სირთულეები და ასევე ინციდენტები, რომელიც მოიცავდა დაკავებებს და სათანადო სამედიცინო მომსახურების მიუწვდომობით გამოწვეულ სიკვდილებს. გარდა ამისა, 2019 წლის აგვისტოდან სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევები წარმოიქმნა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ასევე, ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი კვლავ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, იგი აქტიური ფინანსური მხარდაჭერის საშუალებით, ასევე სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, ხელს უწყობს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს.
ანგარიშში ყურადღება არის გამახვილებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციის მექანიზმზე.
„საქართველო კვლავ ჩართული იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. რაც შეეხება შეხვედრებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, 2019 წელს მხოლოდ ერგნეთის შეხვედრები ჩატარდა. მექანიზმმა განაგრძო მოქმედება, როგორც მნიშვნელოვანმა ფორუმმა დაძაბულობის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით აგვისტო-სექტემბერში, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის დროს. გალის შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში არ ჩატარებულა“, – აღნიშნულია ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსაც ეხება.
„მთავრობამ დაიწყო საკუთარი ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” განხორციელება, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობას და ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის შექმნას ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, ინიციატივის მხარდასაჭერად ფონდის დაფუძნების საშუალებით. უნარების განვითარებაზე მიმართული ევროკავშირის დახმარება (არაფორმალური სწავლება, პროფესიული განათლება და ტრენინგები) აფხაზეთზეც ვრცელდება.
საქართველო განაგრძობდა თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან 2008 წლის პირველ ივლისსა და 10 ოქტომბერს შორის პერიოდში სამხრეთ ოსეთში და მის მახლობლად განლაგებული ყველა შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებების ბრალდებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“, – აღნიშნულია ანგარიშში.
,,საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში.