აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, ენტონი კენედი თანამდებობას ტოვებს
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს წევრი, ენტონი კენედი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი თხოვნით მან უკვე მიმართა დონალდ ტრამპს.
თეთრი სახლის ლიდერის მისამართით დაწერილ წერილში უზენაესი სასამართლოს წევრმა აღნიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში ქვეყანას ემსახურებოდა. ენტონი კენედიმ მადლიერება გამოხატა იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის დაცვის პრივილეგია ჰქონდა.
ენტონი კენედი ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს წევრად ჯერ კიდევ 1988 წელს, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ დაინიშნა. მის სახელს ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება უკავშირდება. მათ შორის არის ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება.
2015 წელს კენედის მიერ დაწერილი დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.
82 წლის ენტონი კენედი თანამდებობას 31 ივლისს დატოვებს.