აშშ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მხარს უჭერს
აშშ უკრაინის აღმსარებლობის თავისუფლებას მტკიცედ უჭერს მხარს. ამის შესახებ საუბარია პრესრელიზში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჰიზერ ნაუერტი ავრცელებს.
„მათ შორის ცალკეული ჯგუფების წარმომადგენელთა თავისუფლებას, დაარეგულირონ მათი რელიგია, საკუთარი რწმენის მიხედვით და მისდევდნენ საკუთარ აღმსარებლობას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის გარეშე“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ აშშ პატივს სცემს უკრაინის მართლმადიდებელი რელიგიური ლიდერებისა და მიმდევრების მისწრაფებას ავტოკეფალიისკენ მათი რწმენის შესაბამისად.
„ჩვენ პატივს ვცემთ მსოფლიო პატრიარქს, როგორც რელიგიური ტოლერანტობისა და კონფესიათაშორის დიალოგის ხმას“,-ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ აშშ ინარჩუნებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიის წინაშე აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმის ოკუპაციის პირობებში.
„ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინას, რამდენადაც ის თავად განსაზღვრავს საკუთარ გზას და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც თავისუფალია გარე ჩარევებისგან“, -ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის უმაღლესმა რადამ მსოფლიო პატრიარქს უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნით 2016 წელს მიმართა. სექტემბრის დასაწყისში მსოფლიო პატრიარქმა უკრაინაში ეგზარხოსებად ორი ეპისკოპოსი დანიშნა, რასაც რუსული ეკლესიის გაღიზიანება მოჰყვა.