აშშ უკრაინას „M1 აბრამსის“ ტიპის 31 ერთეულ ტანკს გაუგზავნის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა განმარტა, ტანკების მიწოდებას რამდენიმე თვე და უკრაინელი სამხედროების გადამზადება დასჭირდება.
ბაიდენის თქმით, აშშ-ს მიერ უკრაინის მხარდაჭერა არ წარმოადგენს შეტევით საფრთხეს რუსეთისთვის, ეს ეხმარება უკრაინას დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი. ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები თავიანთ ტერიტორიებს უნდა დაუბრუნდნენ.
ჯო ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოელი მოკავშირეები და პარტნიორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მჭიდროდ თანამშრომლობენ, რომ უკრაინელი ხალხი მტკიცე პოზიციებით იყოს წარმოდგენილი რუსეთის აგრესიისგან საკუთარი ერის დაცვისას.
„ვეხმარებით უკრაინას დაიცვას უკრაინული მიწა. ეს არ არის თავდასხმის საფრთხე რუსეთისთვის. არ არსებობს თავდასხმითი საფრთხე. ჩვენ ომის დასრულება გვსურს. რუსეთისგან მოლოდინი იყო, რომ დავიშლებოდით, ერთად ვერ დავრჩებოდით, თუმცა ჩვენ სრულად, ზედმიწევნით ერთიანი ვართ“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით მის გადაწყვეტილებაზე ზეწოლა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს არ განუხორციელებია.