აშშ თურქეთისთვის „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლების განახლებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიყიდვას დასთანხმდა
აშშ თურქეთისთვის „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლების განახლებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიყიდვას დათანხმდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის კონგრესს აცნობა.
ტაქტიკური მონაცემების ქსელის სისტემის სავარაუდო ღირებულება 259 მილიონი აშშ დოლარია. აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საჭირო სერტიფიკატი 17 აპრილს გასცა. გარიგების მთავარი კონტრაქტორი კომპანია „ლოქჰედ მარტინი“ იქნება.
სისტემის განახლება დაეხმარება თურქეთის საჰაერო ფლოტის დაახლოებას ნატო-ს სტანდარტებთან და გააუმჯობესებს ქვეყნის უნარს, ითანამშრომლოს სხვა მოკავშირეებთან.
ავიაგამანდგურებლების განახლების შესახებ შეთანხმება მას შემდეგ დაიდო, რაც თურქეთი ფინეთის ნატო-ში შესვლას დათანხმდა. კონგრესი თუ ოფიციალურად დათანხმდება, ეს იქნება თურქეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების პირველი მიყიდვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ტაქტიკური მონაცემების სისტემა არის სამხედრო რადიოქსელი, რომელსაც იყენებენ ნატო და მოკავშირე ქვეყნები. ეს ქსელი უზრუნველყოფს თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, უპილოტო საჰაერო ხომალდებს, გემებსა და სახმელეთო ჯარებს შორის ტაქტიკური ინფორმაციის გაზიარებას.