აშშ-ის თავდაცვის მდივანი - რუსეთმა ძალის გამოყენებით დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როცა საქართველოს და უკრაინას თავს დაესხა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყველა მცდელობა ერთ მიზანს ემსახურება – ძირი გამოუთხაროს ამერიკის შეერთებული შტატების მორალურ ძლიერებას და ავტორიტეტს.
„პუტინის მიზანია, შეასუსტოს დასავლური დემოკრატიული მოდელისკენ სწრაფვა და ამერიკის მორალურ ავტორიტეტს ძირი გამოუთხაროს. მისი მოქმედებები სინამდვილეში ჩვენი იდეალების შერყევას და საკუთარ თავში დაეჭვებას ემსახურება“, – განაცხადა ჯეიმს მეტისმა როუდ აილენდის სამხედრო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
ჯეიმს მეტისმა გამოსვლისას საქართველოც ახსენა. მისი თქმით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნების ოკუპაცია მოახდინა და საერთაშორისო სამართალი უხეშად დაარღვია.
„ჩვენ დავინახეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ფედერაცია აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც ძალის გამოყენებით დაარღვია საერთაშორისო სამართალი საქართველოსა და უკრაინაში, ძალის გამოყენებით დაარღვია ამ ქვეყნების საზღვრები და უგულებელყო მისი მეზობელი სახელმწიფოების დიპლომატიური ინტერესები, უსაფრთხოება და ეკონომიკა“, – აღნიშნა მეტისმა.
თავდაცვის მდივანმა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინის კრიზისის ესკალაციისა და ყირიმის ანექსიის დაშვების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ობამამ რუსეთს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია.