აშშ-ში ვაქცინირებული 75 მლნ ადამიანიდან COVID-19-ით მხოლოდ 0,008% დაინფიცირდა — #1tvმეცნიერება
ყოველი მეხუთე ამერიკელი უკვე სრულად არის ვაქცინირებული COVID-19-ის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ვაქცინირებულ ადამიანებს მაინც შეიძლება შეხვდეთ კორონავირუსი, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია და როგორც წესი, ინფექცია საკმაოდ მსუბუქია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, 15 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია 75 მილიონი ადამიანი, რომელთაგან 5800 COVID-19-ით მაინც დაინფიცირდა, რასაც მკვლევრები ე. წ. ინფექციის გაჟონვას უწოდებენ.
როგორც CDC განცხადებაში აღნიშნავს, ვაქცინირებულ ადამიანთა შორის რამდენიმე შემთხვევაში ინფექცია მწვავე იყო. 5800 ინფიცირებულიდან დაახლოებით 400-ს, ანუ 7 პროცენტს ჰოსპიტალიზება დასჭირდა, მათგან 74, ანუ 1,3 პროცენტი კი გარდაიცვალა.
ეს მონაცემები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რასაც დოქტორი ენტონი ფაუჩი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ექსპერტები უკვე თვეებია გაიძახიან — ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთი და უნივერსალური გზა არ არის და კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნიღბების ტარება და სოციალური დისტანცირება იქამდე, ვიდრე მივაღწევთ საკმარის იმუნურობას, რაც უკვე შეაჩერებს ვირუსის ცირკულირებას.
ვაქცინა ისე მუშაობს, როგორც მოსალოდნელი იყო
CDC-ის განცხადებით, „ინფექციის გაჟონვები“ მოსალოდნელიც იყო და ასეა ყველა სხვა ვაქცინის შემთხვევაშიც.
„ინფექციის გაჟონვის ათასობით შემთხვევას ველოდებით, მაგრამ ამის მიუხედავად, ვაქცინა მაინც ისე მუშაობს, როგორც მოსალოდნელი იყო“, — წერია განცხადებაში.
„გაჟონვის შემთხვევებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მთავარია იმის დანახვა, რა არის ვაქცინირებულ ადამიანთა განმასხვავებელი“, — განაცხადა დოქტორმა ფაუჩიმ გასულ კვირაში თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
ინფექციის გაჟონვის შემთხვევების რაოდენობა ვაქცინირებულ ადამიანებში, აცრიდან ორი კვირის შემდეგ 0,008 პროცენტია. ფატალური შემთხვევები უიშვიათესია; მინესოტის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შტატში ასეთი სულ 89 შემთხვევა დაფიქსირდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი ამ ადამიანებში ნულია.
CDC-ის ახალი მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინები თითქმის ბრწყინვალედ ახერხებს სიკვდილის პრევენციას, როგორც ამას კლინიკური ცდებიც მიუთითებდა: 75 მილიონ სრულად ვაქცინირებულ ადამიანში 74 ფატალური შემთხვევის ფონზე, ვაქცინის ეფექტიანობა 99,99 პროცენტს ნიშნავს.
CDC-ის განცხადებით, ზოგიერთმა ვაქცინირებულმა, რომელიც შემდეგ შეიძლება დაინფიცირდეს, ამის შესახებ შესაძლოა ვერც კი გაიგოს, რადგან ასეთი შემთხვევების დაახლოებით მესამედი (29 პროცენტი) უსიმპტომო იყო და მხოლოდ ტესტით დადგინდა.
„ინფექციის გაჟონვის“ რისკი ყველა ვაქცინირებულში შეიძლება თანაბარი არ იყოს. CDC-ის განცხადებით, ასეთი შემთხვევების დაახლოებით 40 პროცენტი 60 წელს ზემოთ ადამიანებში დაფიქსირდა, ასაკობრივ კატეგორიაში, რომელშიც ვაქცინები ხშირად ნაკლებად ეფექტიანია.
„სავარაუდოა, რომ ხანდაზმულებში, განსაკუთრებით მათში, ვისაც ჯანმრთელობა შერყეული აქვთ და თანმხლები დაავადებებიც აქვთ, ვაქცინა ძლიერ ეფექტიანი არ იყოს“, — ამბობს ფაუჩი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.