ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სპორტულ თამაშებზე ფსონების ჩამოსვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ლეგალური გახდა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ორშაბათს შტატების სასამართლოს უმაღლესმა ორგანომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონიერად ცნო ნიუ-ჯერსის შტატში 2014 წლიდან მოქმედი კანონი, რომლის მიხედვითაც სპორტული რბოლების ტერიტორიაზე და კაზინოებში ფსონების დადება აღნიშნული შტატის ფარგლებში კანონიერად ითვლება. სასამართლომ იმავდროულად გააუქმა 1992 მიღებული ფედერალური კანონი, რომელიც სპორტულ ფსონებს შტატების უმეტესობაში კრძალავს. ამ კანონის მიხედვით, სპორტული ფსონების დადება მხოლოდ რამდენიმე შტატში დაიშვებოდა, მათ შორის ნევადაში, სადაც ლას-ვეგასი მდებარეობს, ასევე დელავერი, მონატა და ორეგონი.
შესაბამისად, შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი სათამაშო ბიზნესის აქციებზე ფასმა მკვეთრად მოიმატა და ზრდა 6-14 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდა.
შტატების სპორტული ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ახალ კანონს ეწინააღმდეგება. მოწინააღმდეგეების აზრით, სპორტული ფსონების დაშვება სპორტული შეჯიბრებების სანდოობას საფრთხეს უქმნის.
უზენაესი სასამართლოს დასკვნის მიხედვით, მართალია სპორტული თამაშების პოლიტიკის და რეგულირების შემუშავება კონგრესის პრიორიტეტია, მაგრამ თუ კონგრესი ამ საკითხის დარეგულირებას საჭიროდ არ ჩათვლის, თითოეულ შტატს უფლება აქვს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ მოუაროს ფსონებს.
ამერიკული ბიზნეს-ტელეარხის CNBC-ის ცნობით, შტატების ნაწილს უკვე მზად აქვს კანონპროექტები, რომელიც სპორტულ სათამაშო ბიზნესს დაუშვებს და დაარეგულირებს, მეორე ნაწილი კი მზადაა სპორტული ფსონების ლეგალიზების საკითხი განიხილოს. ზოგიერთი შტატი თვლის, რომ სპორტული ფსონები ლატარეის მსგავსად უნდა დაიბეგროს და შტატის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ფინანსური შენატანების წყარო გახდეს.
მედიის ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს ნევადას ბიუჯეტში სპორტული ფსონებიდან 4,5 მილიარდი აშშ დოლარი შევიდა, თუმცა ანალიზი აჩვენებს, რომ შავი ბაზრის მეშვეობით შეერთებულ შტატებში ჩამოსული სპორტული ფსონების მოცულობა 150 მილიარდს აღწევს.