აშშ-ში, სინაგოგაში სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოთხი ადამიანი. ინციდენტი კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოში მოხდა. სინაგოგაში ფესახს აღნიშნავდნენ, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და მიიმალა.
თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. ის 19 წლის ჯონ ერნსტი აღმოჩნდა. პოლიციამ დანაშაულის მოტივი არ დაასახელა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმა „სიძულვილის დანაშაული“ იყო.
როგორც სამართალდამცავები ამბობენ, გამოძიება ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მასალებს სწავლობს, მათ შორის არის ანტი სემიტური წერილი, რომელიც ერნსტმა თავდასხმამდე რვა საათით ადრე გამოაქვეყნდა. დამნაშავე წერს, რომ „ის შთაგონებულია ახალ ზელანდიაში ქალაქ კრაისტჩერჩში მეჩეთებსა და შარშან პიტსბურგის სინაგოგაზე თავდასხმებით“.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი. მაიკ პენსის თქმით, „ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრად გმობს ბოროტ და მზაკვრულ თავდასხმას“.
„სამლოცველოში არავის უნდა ეშინოდეს. ანტისემიტიზმი არა მხოლოდ არასწორია, ეს ბოროტებაა“, – წერს პენსი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
ლოს ანჯელესის მთავრობის გადაწყვეტილებით, თავდასხმის გამო ყველა სინაგოგასთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.