აშშ-ში საქართველოს საელჩომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის მსხვერპლთა ხსოვნის საღამოს უმასპინძლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის მსხვერპლთა ხსოვნის საღამოს უმასპინძლა.
ელჩმა დავით ბაქრაძემ მიმოიხილა აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათი შედეგები და საქართველოს დღევანდელი გამოწვევები რუსული ოკუპაციის სახით.
საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ აღნიშნა საქართველოს თანმიმდევრული ძალისხმევის შედეგად აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პერიოდში საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მიმართ მიღწეული უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც გამოიხატება მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების დამტკიცებით, რომელთა შორის აშშ-ის მხრიდან თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე მხარდაჭერის აყვანის გამოხატულება არის რუსეთის მიერ საქართველოს ინტერვენციის 10 წლის თავზე კონგრესში ერთხმად დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“. ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს ერთიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას.
სტუმრებს, ასევე, სიტყვით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტმა, რომელმაც აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.
საელჩოში გამართულ ხსოვნის საღამოზე მოეწყო „მხატვრები მშვიდობისთვის“ პროექტის ნამუშევრების გამოფენა. საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ტატო ოქრუაშვილისა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის თედო რეხვიაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტის ფარგლებში აშშ-ში მოღვაწე სხვადასხვა ეროვნების მხატვრებმა აგვისტოს ომის თემაზე შექმნეს ფერწერული ნამუშევრები, რათა პატივი მიეგოთ მსხვერპლთა ხსოვნისთვის და ყურადღება გაემახვილებინათ საქართველოს მიმართ რუსულ აგრესიაზე.
დიასპორის გარდა ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს მეგობრები აშშ-ის მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსიდან.