ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი კიბეროპერაცია დაიწყეს. New York Times-ის ცნობით, ქვეყნის კიბერ-სარდლობის ოპერაციის მიზანი რუსეთის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევის თავიდან აცილებაა.
ოპერაციის ფარგლებში, აშშ-ის კიბერ-სარდლობა ადგენს, კონკრეტულად ვინ ცდილობს შუალედურ არჩევნებში ჩარევას. ამის შემდეგ კონკრეტული კიბერდამნაშავეების მისამართით იგზავნება წერილი, რომელიც აცნობებს, რომ აშშ-ის შესაბამისი სამსახურები მათ საქმიანობას თვალყურს ადევნებენ.
როგორც ამერიკული გამოცემა იუწყება, სარდლობამ რიგ რუსულ სპეცსამსახურებს შესაბამისი წერილები უკვე გაუგზავნა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევა სანქციებით დაისჯება. თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.