აშშ-ში რუსეთის ელჩი - შავ ზღვაში ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი პროვოკაციაა, რაც რუსეთის დადანაშაულებას ისახავდა მიზნად
შავ ზღვაში ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტი პროვოკაციაა, რაც რუსეთის დადანაშაულებას ისახავდა მიზნად, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
რუსი დიპლომატის თქმით, აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა მკვეთრი მანევრი გააკეთა და ზღვაში ჩავარდა.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსი პილოტები ძალიან პროფესიონალურად მოიქცნენ. არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. ჩვენს მოიერიშე თვითმფრინავებს იარაღი არ გამოუყენებიათ. უპილოტო თვითმფრინავი მკვეთრად შემობრუნდა და წყლის ზედაპირს შეეჯახა. ვფიქრობ, აჯობებს, შევხვდეთ სახელმწიფო დეპარტამენტში, რათა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განვიხილოთ. თვითმფრინავი გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა. ის შევიდა რაიონში, რომელიც განისაზღვრა, რომ არის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონა. ჩვენ, რუსეთმა, ამის შესახებ ყველა გავაფრთხილეთ საერთაშორისო საკომუნიკაციო არხებით. ვფიქრობ, ეს იყო ნამდვილი პროვოკაცია. ისინი პროვოცირებას გვიწევდნენ გარკვეული ქმედებების განსახორციელებლად, რის შემდეგაც მათ შეეძლებოდათ, რუსი სამხედროები რაიმე სახის პროფესიონალიზმის ნაკლებობაში დაედანაშაულებინათ“, – განაცხადა ანატოლი ანტონოვმა.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა. ამასთან, როგორც პენტაგონში განაცხადეს, რუსული თვითმფრინავის მიერ მიყენებული დაზიანების შემდეგ აშშ-ს შავ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება მოუწია.