აშშ-ში, რუსეთიდან კიბერსივრცეში მომავალ საფრთხეებთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ კიბერსივრცეში რუსეთიდან მომავალ საფრთხეებთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი შექმნა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, გენერალმა პოლ ნაკასონმა განაცხადა, აღნიშნული ჯგუფის წევრების მუშაობა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებთან შეთანხმებული იქნება და 2018 წელს დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების დროსაც იმუშავებს.
შეგახსენებთ, 13 ივლისს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის 12 მოქალაქე დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სერვერებში შეღწევასა და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბზე კიბერიერიშის მოწყობაში დაადანაშაულა. თორმეტივე ბრალდებული რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრმელია.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა 2017 წლის იანვარში საარჩევნო ელექტრონული სისტემები, ასევე ხმის მიცემის პროგრამები და ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნუსხაში შეიყვანა.