აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე შტატში გამოცხადებულია ევაკუაცია
აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე შტატში გამოცხადებულია ევაკუაცია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

სამხრეთ კაროლინისა და ჩრდილოეთ კაროლინის, ასევე ვირჯინიის შტატებში წყალმოვარდნების მაღალი რისკის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორ მილიონამდე მოქალაქის ევაკუაციის განკარგულება გასცა. უსაფრთხო ადგილებში განლაგებულ თავშესაფრებში ათობით ათასი პირი იმყოფება. ნაწილმა კი, საფრთხის მიუხედავად, სახლებში დარჩენა ამჯობინა.

ამ დროისთვის ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად გამოწვეული ქარის სიჩქარე საათში 105 კილომეტრს აღწევს. ძლიერმა წვიმამ, ქარმა და გარკვეულ ადგილებში წყალდიდობებმა ათობით შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები უკვე დააზიანა.

ამ დრომდე, ელექტროენერგია არ მიეწოდება ჩრდილოეთ კაროლინის 800 ათასამდე მაცხოვრებელს.

ქარიშხალი „ფლორენსი“ პირველი ჩრდილოეთ კაროლინის სანაპირო ზოლში არსებულ ქალაქ, ვრაითსვილ ბიჩს დაატყდა თავს. მისი სიმძლავრე იმ დროისთვის პირველ კატეგორიას განეკუთვნებოდა.

ამასთან, ჩრდილოეთ კაროლინის გარკვეული ადგილები წყალმოვარდნის შედეგად უკვე დაიტბორა. შტატის გუბერნატორის განცხადებით, ქარიშხალი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.