აშშ-ში, ქალაქ რიჩმონდში დემონსტრანტებმა კონფედერატების პრეზიდენტის, ჯეფერსონ დეივისის ძეგლი ჩამოაგდეს

აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში, დემონსტრანტებმა კონფედერატების პრეზიდენტის, ჯეფერსონ დეივისის ძეგლი ჩამოაგდეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ რიჩმონდი იყო კონფედერაციის დედაქალაქი.

ვირჯინიის გუბერნატორმა, რალფ ნორთემმა, გასულ კვირას კონფედერაციის გენერლის, რობერტ ლის ძეგლის აღების ბრძანება გასცა, რომელიც ჯეფერსონ დეივისის ძეგლიდან ოთხ კვარტალში დგას. 8 ივნისს, მოსამართლემ გამოიტანა განჩინება, რომელიც მომდევნო 10 დღის განმავლობაში საჯარო მოხელეებს ძეგლების აღებას უკრძალავს.

ჯეფერსონ დეივისი ამერიკის კონფედერაციული შტატების პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი იყო 1861-1865 წლებში. „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, რიჩმონდიდან 130 კილომეტრში მდებარე პორტსმუთში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავები მოატეხეს და შემდეგ ჩამოაგდეს ოთხი ძეგლი, რომელიც კონფედერაციის მონუმენტის ნაწილი იყო. მონუმენტზე აღმართული დროშა კი დემონსტრანტებმა დაწვეს.