აშშ-ში პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ლონდონსა და ბერლინში აქციები გაიმართა
ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ლონდონსა და ბერლინში აქციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, – ამ სიტყვებს სკანდირებდნენ ლონდონში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ლონდონში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაასრულეს. შეერთებული შტატების საელჩოსთან ასობით ადამიანი შეიკრიბა ბერლინშიც.
რამდენიმე დღის წინ, მინეაპოლისში პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა, რასაც აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ქვეყნის 20-ზე მეტ შტატში კომენდანტის საათია გამოცხადებული.
მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.