აშშ-ში პირველი საარჩევნო უბნები დაიხურა, ვრცელდება პირველადი შედეგები
აშშ-ში პირველი საარჩევნო უბნები დაიხურა. უკვე ვრცელდება პირველადი შედეგები.
კერძოდ, საარჩევნო უბნები დაიხურა ჯორჯიის შტატში (საარჩევნო კოლეგიის 16 ხმა), ინდიანასა (საარჩევნო კოლეგისო 11 ხმა) და კენტუკის (8 ხმა) ნაწილში, სამხრეთ კაროლინაში (9 ხმა), ვერმონტში (3 ხმა) და ვირჯინიაში (13 ხმა).
როგორც „ფოქს ნიუსი“ იტყობინება, წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სავარაუდოდ, იმარჯვებს ინდიანაში, რაც მას კოლეგიის 11 წევრის ხმის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.
ყველაზე გვიან საარჩევნო უბნები ალიასკასა და ჰავაის კუნძულებზე გაიხსნა. შესაბამისად, იქ საარჩევნო უბნები ყველაზე ბოლოს დაიკეტება, კერძოდ, თბილისის დროით დილის 10:00 საათზე.
ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ში ამომრჩეველთა აქტივობა ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში რეკორდულად მაღალია.
3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრის არჩევნებიც იმართება. წარმომადგენელთა პალატაში ამჟამად უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.
ამას გარდა, ამომრჩევლები ირჩევენ 100-წევრიანი სენატის 35 წევრს. სენატში უმრავლესობას ამჟამად მოქმედი პრეზიდენტის თანაპარტიელი რესპუბლიკელები ფლობენ.
ამასთან, ამერიკელი მოქალაქეები რამდენიმე შტატის გუბერნატორს აირჩევენ, კერძოდ – დელავერის, ინდიანას, მონტანას, მისურის, ჩრდილოეთ კაროლინის, ჩრდილოეთ დაკოტას, ნიუ ჰემფშირის, იუტას, ვაშინგტონისა და დასავლეთ ვირჯინიის.