მარიხუანას შემცველი ნამცხვრების ეკლესიაში გასაღებისთვის აშშ-ში ორი ქალი დააკავეს
ჯორჯიის შტატში დააკავეს ორი ქალი, რომელიც მარიხუანას შემცველ ნამცხვრებს ეკლესიაში ყიდდა. ინციდენტი ქალაქ სავანაში მოხდა, სადაც ადგილობრივი მეწარმეებისთვის დაგეგმილი ღონისძიება ეკლესიის ტერიტორიაზე იმართებოდა.
სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკების გასაღებისთვის წაუყენეს.
როგორც გამომძიებლები აცხადებენ, სოციალურ ქსელ Facebook-ში მიაკვლიეს გვერდს, რომელზეც მარიხუანას შემცველი ნამცხვრები და სხვა ტკბილეული ღიად იყიდებოდა. პოლიციამ საქმის გამოძება დაიწყო და დამნაშავეებს ეკლესიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე მიაგნეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქალები ეკლესიის ეზოში დადგმულ სტენდთან იდგნენ და ნამცხვრებს ყიდიდნენ. ეკლესიაში აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ თუ პროდუქცია ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავდა.
ჯორჯიის შტატში მარიხუანას მოხმარება აკრძალულია და კანონით ისჯება.