აშშ-ში, კოვიდპანდემიის დროს, მთავრობის მიერ ბავშვების საკვებისთვის გამოყოფილი თანხიდან 250 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 47 ადამიანს ბრალი წაუყენეს
აშშ-ში, კოვიდპანდემიის დროს, მთავრობის მიერ ბავშვების საკვებისთვის გამოყოფილი თანხიდან 250 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 47 ადამიანს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, უკანონოდ მითვისებული თანხით, ბრალდებულებმა აშშ-ში, თურქეთსა და კენიაში უძრავი ქონება, ძვირადღირებული მანქანები და ფუფუნების ნივთები შეიძინეს.
გამოძიების მიხედვით, თაღლითური სქემის ორგანიზებას ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „გამოკვებე ჩვენი მომავალი“. ორგანიზაციის დამფუძნებელი დანაშაულს უარყოფს.
როგორც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა კრისტოფერ რეიმ განაცხადა, გამოვლენილი თაღლითობა თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულები საკვების ყალბ ჩეკებს ბეჭდავდნენ, ხოლო დოკუმენტებში ნახსენები ბავშვები, რომლებისთვისაც იყო განკუთვნილი საკვები, საერთოდ არ არსებობდნენ.
გამოძიების მიხედვით, ბოროტმოქმედებმა ისარგებლეს აშშ-ის მთავრობის დახმარების პროგრამით, რომელიც საშუალებას აძლევდა კერძო რესტორნებს, მიეღოთ ფინანსური დახმარება, რათა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ბავშვებისთვის საკვები დაერიგებინათ.
თაღლითური სქემის მონაწილეებს ბრალი წარუდგინეს ფულის გათეთრებასა და მექრთამეობაში.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ მთავრობა გააგრძელებს იმ პირთა გამოვლენას, რომლებიც პანდემიის დროს, მთავრობის მიერ გამოყოფილ თანხებს უკანონოდ ითვისებდნენ.