საზღვარგარეთ ახალი კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გარდაცვალების უკვე მეხუთე შემთხვევაა.
იმნაძემ განმარტა, რომ დაიღუპა აშშ-ში, ნიუ იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მეხუთე შემთხვევა ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების საზღვარგარეთ. ეს არის ნიუ იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, გარდაცვლილის ოჯახთან კავშირზე არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო კავშირზე არიან გარდაცვლილის ოჯახთან, ისევე, როგორ წინა შემთხვეავში, რომელიც სამწუხაროდ, ესპანეთში დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში აქ იყო, გარდა კოვიდისა, სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.