ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, აშშ-ში გარდაცვლილია სულ 30 400 ადამიანი. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 630 ათასს აღემატება.
ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით.
სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ აშშ-ში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 29 თებერვალს გამოვლინდა, 38 დღეში დაღუპულთა რიცხვი 10 ათასამდე გაიზარდა, ხოლო კიდევ ცხრა დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა 10 ათასიდან 30 ათასამდე გაიზარდა.
მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით 752 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია. ამასთან, შემცირდა ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვი.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების პიკი უკვე გადალახა.