აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა სამი ათასს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა სამი ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 000 გადააჭარბა. „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა.

აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსი დღემდე 164 620 ადამიანს დაუდასტურდა, 6 000-მდე ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსზე შემოწმება დღემდე მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ​აშშ-ის, ჩინეთის, ევროპის ქვეყნებისა და ირანის გარდა, ტრამპი სამოგზაურო შეზღუდვების გაფართოებას არ გამორიცხავს.

„ისინი შორს იქნებიან და ჩვენ შეგვიძლია კიდევ დავამატოთ რამდენიმე. მითითებები ისეთივე იქნება, როგორიც დღეს არის და შესაძლოა, ოდნავ კიდევ გამკაცრდეს. ეს შეზღუდვები უზარმაზარ გავლენას ახდენს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ნიუ იორკში, კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „კომფორტი“, რომელიც რესურსების გამოთავისუფლების მიზნით, საავადმყოფოებიდან იმ კრიტიკულ პაციენტებს მიიღებს, რომლებიც კორონავირუსით არ არიან ინფიცირებული.

პარალელურად, კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აცხადებს, რომ ბოლო ოთხ დღეში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები თითქმის გაორმაგდა. ნიუ იორკში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, „ცენტრალ პარკში“ საველე ჰოსპიტალის მოწყობა დაიწყო.