აშშ-ში, კენტუკის შტატში მდებარე ერთ-ერთ სასამართლოში შერიფმა მოსამართლე მოკლა
აშშ-ში, კენტუკის შტატში ლეტჩერის ოლქის შერიფი შონ სტაინსი მოსამართლის მკვლელობის გამო დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ინციდენტი ლეტჩერის ოლქში, ქალაქ უაიტსბურგში მდებარე სასამართლოში მოხდა. ბრალდებულმა მოსამართლე კევინ მალინსს რამდენჯერმე ესროლა, რის შედეგადაც მალინსი ადგილზე გარდაიცვალა.
43 წლის შერიფი პოლიციამ ადგილზე დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა კამათი სასამართლოში.
ამასთან, როგორც ადგილობრივი გაზეთი Mountain Eagle-ი წერს, შერიფმა სტაინსმა სასამართლოში თანამშრომლებს უთხრა, რომ მალინსთან პირადად სურდა საუბარი. მათ შეხვედრა გამართეს მოსამართლის კაბინეტში დახურულ კარს მიღმა, მალევე კი სროლის ხმა გასიმა. შერიფი სტაინსი კაბინეტიდან გამოვიდა და პოლიციას ჩაბარდა.
შტატის გენერალურმა პროკურორმა, რასელ კოულმანმა განაცხადა, რომ მისი უწყება სრულად გამოიძიებს საქმეს და მიაღწევს სამართლიანობას.
კენტუკის შტატის პოლიციის წარმომადგენელმა, მეთ გეიჰარტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქალაქი მომხდარით შოკირებულია. კენტუკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ლორენს ვანმეტერმა კი განაცხადა, რომ „შოკირებულია ამ ძალადობრივი აქტით“.