აშშ-ში დაპატიმრებული ავთანდილ ხურციძის მეგობრები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან
ნიუ-იორკში დაპატიმრებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის მეგობრები მის გირაოთი გათავისუფლებას ელოდებიან. ნიუ-იორკის სასამართლოში, ხურციძის სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება.
პირველი არხის ინფორმაციით, სხდომაზე ქართველი მოკრივისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის საკითხს განიხილავენ.
მანჰეტენზე მდებარე სასამართლოში უკვე მივიდა ავთანდილ ხურციძის მეგობარი, ასევე ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი. მან ორი დღის წინ ნიუ-იორკში მცხოვრებ ხურციძის გულშემატკივრებს სასამართლოზე მისვლისკენ მოუწოდა.
განსასჯელის მეგობრების ინფორმაციით, დღეს გადაწყდება, გაათავისუფლებენ თუ არა გირაოთი ავთანდილ ხურციძეს.
რაც შეეხება საქმის არსებით განხილვას, სასამართლო პროცესები ქართველი მოკრივის ბრალეულობასთან დაკავშირებით ივნისშია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სინდიკატის წევრებთან ერთად გასული წლის ივნისში დააკავეს.
ავთანდილ ხურციძეს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის რეკეტის, თავდასხმისა და თაღლითობის ბრალდებები. წინასწარი მოსმენის დროს, სასამართლოზე გამომძიებლებმა მტკიცებულების სახით ორი ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც როგორც თავად განაცხადეს, ხურციძე გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს და ასევე კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ პირს, რაჟდენ შულაიას დავალებით, ფიზიკურად უსწორდება. FBI-ის გამომძიებლების თქმით, ხურციძე რუსული მაფიის ბოსის, რაჟდენ შულაიას „კუნთი” იყო ბრუკლინში.
ქართველ სპორტსმენს, მეტსახელად „ჩაქუჩას“, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვა დაკავების გამო ვეღარ შეძლო, მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ ჩემპიონის სტატუსიც ჩამოართვა. ავთანდილ ხურციძე ამ დროისთვის ბრუკლინში მდებარე საპატიმროში იმყოფება. ციხეში ყოფნისპერიოდში მას ვაჟიშვილი ტარიელ ხურციძე შეეძინა.