აშშ-ში დააკავეს სამხედრო, რომელიც თავდასხმებს გეგმავდა და ინტერნეტში ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ინსტრუქციებს ავრცელებდა
აშშ-ში დააკავეს სამხედრო, რომელიც თავდასხმებს გეგმავდა და ინტერნეტში ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ინსტრუქციებს ავრცელებდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა ამერიკელი სამხედრო, რომელიც ახალი ამბების ქსელზე თავდასხმას გეგმავდა, ინტერნეტში ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ინსტრუქციებს ავრცელებდა და ასევე თავდასხმის პოტენციურ სამიზნედ წარმომადგენელთა პალატის ყოფილ წევრს, 2020 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ბეტო ორურკს განიხილავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თამსი“ ავრცელებს.

დაკავებული 24 წლის ჯარეტ უილიამ სმიტია. გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი ასევე გეგმავდა უკრაინაში ბატალიონ “აზოვთან” საბრძოლველად გამგზავრებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში დაკავებული სოციალურ ქსელებში ავრცელებდა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ინსტრუქციებს. აგვისტოში კი ის აშშ-ში თავდასხმის განხორციელების გეგმას განიხილავდა და ამისთვის თანამოაზრეებს ეძებდა. ახალგაზრდა ჯარისკაცის გეგმებს შორის ასევე ანტიფაშისტური მოძრაობის წევრების მკვლელობა იყო, ასევე „ახალი ამბების მსხვილ ქსელზე“ თავდასხმა ასაფეთქებელი მასალებით სავსე მანქანის გამოყენებით.

ჯარეტ უილიამ სმიტის წინააღმდეგ მტკიცებულებები გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტმა მოიპოვა, რომელმაც ოპერაციის ფარგლებში ეჭვმიტანილის ნდობის მოპოვება შეძლო.