ჩრდილოეთ კალიფორნიაში თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 10 მძიმედ დაიჭრა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი რამდენიმე ტერიტორიაზე გახსნა, მათ შორის დაწყებითი სკოლის სიახლოვესაც.
სროლა სახლიდან დაიწყო, რომელიც რანჩო ტეჰამას დასახლებაში მდებარეობს, საკრამენტოდან 195 კილომეტრის მანძილზე.
პოლიციის პირველადი ვერსიით, სროლა ოჯახური ძალადობის ინციდენტს მოჰყვა, რამაც, საბოლოოდ, გარეთ გადაინაცვლა. შეიარაღებული მამაკაცი სამართალდამცავების ტყვიას ემსხვერპლა.
როგორც ადგილობრივი შერიფის ასისტენტმა სააგენტო Associated Press-ს უთხრა, თავდამსხმელი სკოლაში შეჭრასა და ბავშვების დახოცვას ცდილობდა, თუმცა თანამშრომლებმა შესასვლელი ჩაკეტეს.
თავდამსხმელის მოტივი კვლავ უცნობია. პოლიცია ყურადღებას მისი როგორც ოჯახური მოძალადის პროფილზე ამახვილებს. შერიფის ასისტენტის თქმით, ის სამიზნეებს არ ირჩევდა, ესროდა ყველას ვინც გზად შემოხვდა.
სროლისას მძიმე დაზიანებები მიიღო ორმა მცირეწლოვანმა ბავშვმა. დაღუპულთა შორის არის თავდამსხმელის მეზობელი ქალი, რომელსაც Associated Press-ის ცნობით, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა თავდამსხმელის წინააღმდეგ, რადგან წარსულში ის ქალს ავიწროვებდა.