აშშ-ში ჩატარებული ცდების განახლებული შედეგების მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა 76%-ია — #1tvმეცნიერება
AstraZeneca-მ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აშშ-ში ჩატარებული ცდების შედეგები განაახლა; კომპანიამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ და ექსპერტთა საბჭომ შეშფოთება გამოხატეს იმის შესახებ, რომ ფარმაცევტულმა მწარმოებელმა მოძველებული მონაცემები წარმოადგინა.
25 მარტს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემები აჩვენებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა მეორე დოზის მიღებიდან 15 დღის შემდეგ, 76 პროცენტით ეფექტიანია სიმპტომური COVID-19-ისგან დაცვის თვალსაზრისით. რამდენიმე დღით ადრე კომპანია აცხადებდა, რომ ვაქცინამ 79-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა კლინიკურ ცდაში, რომელშიც 32 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
განახლებული მონაცემების მიხედვით, ვაქცინა კარგად მოქმედებს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი მისი ეფექტიანობა კიდევ უფრო მაღალი, 85 პროცენტია.
ამავე მონაცემებით, AstraZeneca-ს ვაქცინა 100 პროცენტით ახდენს მძიმედ ავადობისა და ჰოსპიტალიზების საჭიროების პრევენციას; ამავე დროს, არ არსებობს რაიმე შემაშფოთებელი შემთხვევები უსაფრთხოების მხრივ.
ეფექტიანობის მაჩვენებლის მცირე ცვლილება, 79 პროცენტიდან 76-ზე ჩამოსვლა შეიძლება უმნიშვნელოდ ჩაითვალოს: მონაცემების მიხედვით, ნამდვილი ეფექტიანობა შესაძლოა 68-82 პროცენტს შორის მერყეობდეს.
AstraZeneca-მ მონაცემები მას შემდეგ განაახლა, რაც FDA-ს დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტმა, რომელსაც მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭოს უწოდებენ, გამოთქვა მოსაზრება, რომ კომპანიის მიერ 22 მარტს გამოქვეყნებული შედეგები შეიძლება ნაწილობრივ მოძველებულ მონაცემებს ეყრდნობოდა.
აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ, რომელიც ამავე დროს მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭოს ზედამხედველიც არის, 23 მარტს აღნიშნა, რომ AstraZeneca-მ თავიდანვე „არასასურველი შეცდომა“ დაუშვა.
„თუ ჩაიხედავთ, მონაცემები ნამდვილად კარგია, მაგრამ პრესრელიზში მათ ბოლომდე ზუსტი მონაცემები არ შეიტანეს“, — განუცხადა ფაუჩიმ 23 მარტს Good Morning America-ს.
კლინიკური ცდების სრული დეტალები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. AstraZeneca-ს განცხადებით, რეცენზირებული პუბლიკაციის გამოქვეყნებას უახლოეს კვირებში გეგმავს.
ასეთი შედეგები AstraZeneca-ს ვაქცინას გზას უხსნის აშშ-ში გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მიღებისკენ, რამაც შეიძლება, ამ ვაქცინას მსოფლიოში რეპუტაცია კვლავ აღუდგინოს, მათ შორის ევროპაშიც, სადაც რამდენიმე ქვეყანამ შესაძლო გვერდითი ეფექტების გამოძიებამდე მისი გამოყენება დროებით შეაჩერა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროპის მედიკამენტების სააგენტომ განაცხადა, რომ ვაქცინა გამოყენებისთვის სრულიად უსაფრთხოა, აღნიშნული ქვეყნების უმეტესობაში მისი გამოყენება კვლავ გაგრძელდა.
„ვგეგმავთ, რომ მარეგულირებელს აშშ-ში გადაუდებელი გამოყენების ნებართვის მიღებისთვის მივმართოთ და მოვემზადოთ, რომ მთელი ამერიკის კონტინენტზე მილიონობით დოზა შევიტანოთ“, — ამბობს AstraZeneca-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მინ პენგალოსი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.