ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალ მიგრანტებს დროებით ორ სამხედრო ბაზაზე განათავსებენ. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, ჯეიმს მეტისი იუწყება.
ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუ რომელ სამხედრო ბაზებზე გადაიყვანენ მიგრანტებს. ასევე უცნობია, მოხდება თუ არა ბაზებზე ოჯახების განცალკევება.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო მაღალჩინოსნები ჯერ კიდევ დეტალებს არკვევენ. თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, პენტაგონი ქალაქ ელ-პასოსთან არსებულ ბაზაზე მიგრანტ ოჯახებს განათავსებს, ხოლო სან დიეგოსთან ახლოს განლაგებული სამხედრო საჰაერო ბაზა მიგრანტი ბავშვებისთვის მოეწყობა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალი მიგრანტებისთვის დამატებითი ბანაკების შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შესაბამისი ცენტრების სიმცირის გამო, მიგრანტების რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ქვეყანა მღელვარებამ მოიცვა.