აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც იუწყებიან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ინფორმაციას უახლოეს ხანში დაადასტურებს.
„სიენენი“ წერს, რომ დაავადებით ინფიცირების შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.
ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა კიდევ ოთხ ქვეყანაში აღრიცხეს. ჩინეთში ვირუსით გამოწვეულ პნევმონიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. სულ დაავადებულთა რიცხვი 300-ს აჭარბებს.
ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დააფიქსირეს. დაავადების გავრცელების რისკის გამო, მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და უხანიდან ჩასული მგზავრების სამედიცინო შემოწმება დაიწყო.