აშშ-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებისთვის ემზადებიან
აშშ-ის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ემზადებიან ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებისთვის, რასაც სკოლებისა და ბიზნეს-დაწესებულებების დახურვა მოჰყვება.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა, ნენსი მესონიემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ უახლოეს კვირებში ამერიკულ დასახლებებში ვირუსი გავრცელებას დაიწყებს, ჯანდაცვის უწყება მზად იქნება, სკოლებისა და ბიზნეს-დაწესებულებების დახურვის განკარგულება გასცეს, როგორც ეს აზიურ ქვეყნებში მოხდა.
„ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ვირუსის გავრცელებას აშშ-ის დასახლებებში, თუმცა შესაძლებელია და სავარაუდოც კი, რომ ეს საბოლოოდ მოხდეს“, – განაცხადა ნენსი მესონიემ.
„ჩვენი მიზანია აშშ-ში ვირუსის გავრცელების შენელება. ეს გვაძლევს ჩვენ მეტ დროს, რათა მოვემზადოთ შესაძლო გავრცელებისთვის“, – აღნიშნა მან.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამჟამად მიმართავს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ აშშ-ში სამედიცინო დაწესებულებებს საჭირო აღჭურვილობა და სამედიცინო პროდუქტები ჰქონდეთ. ასევე უწყება თანამშრომლობს საავადმყოფოებთან, აფთიაქებთან, მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან.
ამჟამად აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი 34-ს შეადგენს. აქედან 21 ადამიანი უხანიდან და იაპონიასთან მდგარ საკრუიზო ხომალდიდან ევაკუირებული ამერიკელია.