ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს 47-ე პრეზიდენტს აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რესპუბლიკური პარტიიდან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ხოლო დემოკრატიული პარტიიდან – ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
საარჩევნო სისტემა
აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტი არის საარჩევნო კოლეგია, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. მაგალითად, კალიფორნიას კოლეგიაში 55 ხმა აქვს.
თითოეულ შტატში პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს საარჩევნო კოლეგიის ყველა ხმის მიღებას. მაგალითად, თუ კალიფორნიაში მოსახლეობა მხარს დაუჭერს დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, მაშინ ის საარჩევნო კოლეგიის 55 ხმას მიიღებს.
გამონაკლისია მეინისა და ნებრასკას შტატები, რომლებიც იყენებენ პროპორციულ წარმომადგენლობას.
სულ საარჩევნო კოლეგიაში 538 დელეგატია, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა მოიპოვოს 270 ხმა.
საარჩევნო კამპანიის მთავარი მომენტები
დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საარჩევნო კამპანიის დროს ყურადღებას ამახვილებდა სოციალურ საკითხებზე, რეპროდუქციულ უფლებებსა და ჯანდაცვაზე. ჰარისი მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა ეკონომიკურ პოლიტიკას, მათ შორის ინფლაციასთან ბრძოლასა და ამერიკელი ამომრჩევლების საცხოვრებელი ხარჯების შემცირებას.
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ძირითადი საკითხი ასევე ეკონომიკა იყო. ტრამპი ამომრჩეველს იმ პოლიტიკის დაბრუნებას ჰპირდება, რომელიც შეამცირებს ინფლაციას და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ტრამპი ასევე ყურადღებას ამახვილებდა არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
როგორია არგუმენტები კანდიდატთა წარმატებისთვის
დონალდ ტრამპი
ეკონომიკა ამერიკელი ამომრჩევლებისთვის მთავარი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში უმუშევრობის დონე დაბალია და საფონდო ბაზარი ყვავის, ამერიკელებისთვის ყოველდღიური ხარჯები იზრდება.
პანდემიის შემდეგ ინფლაციამ მიაღწია ისეთ დონეს, რომელიც 1970-იანი წლებიდან არ ყოფილა. ეს აძლევს ტრამპს საშუალებას, დასვას კითხვა: „ახლა უკეთ ხართ, ვიდრე ოთხი წლის წინ?“
სოციოლოგიური კვლევებით, ამერიკელების მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ კმაყოფილია მიმართულებით, საითაც ქვეყანა დღეს მიდის. მოსახლეობის ორი მესამედი კარგ ეკონომიკურ პერსპექტივებს ვერ ხედავს.
2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის, წაყენებული ბრალდებებისა და უპრეცედენტო სისხლის სამართლის პროცესების მიუხედავად, მთელი წლის განმავლობაში დონალდ ტრამპის მხარდაჭერა სტაბილურად 40%-ზე მაღალი იყო. ამასთან, რესპუბლიკელების უმრავლესობა ეთანხმება ყოფილ პრეზიდენტს, როდესაც ის საკუთარ თავს „კუდიანებზე ნადირობის“ მსხვერპლს უწოდებს.
ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, არჩევნებზე ხშირად გადამწყვეტი ხდება ემოციური თემები. დემოკრატები იმედოვნებენ, რომ ასეთი იქნება აბორტები, ხოლო ტრამპი ფსონს იმიგრაციაზე დებს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ იმიგრაციის საკითხში ამომრჩევლები უფრო მეტად ენდობიან ტრამპს.
დონალდ ტრამპის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ არასტაბილურ მსოფლიოში ის ძლიერ ადამიანად გამოიყურება. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ხშირად ამახვილებს ყურადღებას, რომ თეთრ სახლში ვიდრე იყო, მსოფლიოში არცერთი დიდი ომი არ დაწყებულა. ბევრი ამერიკელი სხვადასხვა მიზეზით უკმაყოფილოა, რომ აშშ მილიარდებს აგზავნის უკრაინასა და ისრაელში, მიიჩნევენ, რომ ბაიდენის დროს ქვეყანა უფრო სუსტი გახდა. ამომრჩევლების უმრავლესობა, განსაკუთრებით მამაკაცები, ტრამპს უფრო ძლიერ ლიდერად მიიჩნევენ, ვიდრე ჰარისს.
ტრამპის გამარჯვების შემთხვევში, ბოლო 130 წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ერთხელ დამარცხდა არჩევნებში და შემდეგ ხელახლა აირჩიეს.
კამალა ჰარისი
ტრამპის უპირატესობების მიუხედავად, ის რჩება ძალიან პოლარიზებულ ფიგურად. 2020 წელს ტრამპმა მიიღო რეკორდული რაოდენობის ხმები როგორც რესპუბლიკელმა კანდიდატმა, მაგრამ წააგო, რადგანაც აღმოჩნდა, რომ შვიდი მილიონით მეტი ამერიკელი უჭერდა მხარს ბაიდენს. ამჯერად ჰარისი თამაშობს შიშზე, რომელსაც იწვევს ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნება. ჰარისმა ტრამპს „ფაშისტი“ და დემოკრატიის საფრთხე უწოდა, იმავდროულად კი ამომრჩევლებს „დრამებისა და კონფლიქტების“ დასრულებას დაჰპირდა.
აღსანიშნავია, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები პირველი იქნება მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა.
ამომრჩევლები, რომლებსაც სურთ აბორტის უფლების დაცვა, მხარს ჰარისს უჭერენ. ასევე მოსალოდნელია, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ამომრჩევლები უფრო აქტიურები იქნებიან.
მოსახლეობის ჯგუფები, რომლებიც, გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მეტად უჭერენ მხარს ჰარისს (მაგალითად, ხანდაზმულები და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები), უფრო დიდი ალბათობით მივლენ საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად. ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, ის იქნება აშშ-ის პირველი ფერადკანიანი ქალი პრეზიდენტი.
ამომრჩეველთა აქტივობა და შედეგების მოლოდინი
ხმის მიცემის უფლება 150 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს და მოსალოდნელია მაღალი აქტივობა, რომელიც შესაძლოა, გაუტოლდეს ან გადააჭარბოს კიდეც 2020 წლის რეკორდულ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ 80 მილიონამდე ამერიკელმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი 5 ნოემბრამდე, ანუ არჩევნების დღემდე გააკეთა. დღეს პირველი საარჩევნო უბანი თბილისის დროით 09:00 საათზე, ნიუ ჰემფშირის შტატში გაიხსნა.
სოციოლოგიური გამოკითხვებით, ტრამპსა და ჰარისის რეიტინგებს შორის ძალიან მცირე სხვაობაა, რაც ცდომილების ფარგლებშია. ამის გამო, სავარაუდოდ, მერყევ შტატებში, სადაც ყველაზე დიდი კონკურენციაა, ხმების დათვლას, შეიძლება, მეტი დრო დასჭირდეს. ამას ემატება ტრამპის მხრიდან არაერთი ბრალდება, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბდეს. შესაბამისად, ბევრ შტატში, სავარაუდოდ, ხმების გადათვლა გახდება საჭირო, ეს კი საბოლოო შედეგის გამოცხადებას კიდევ უფრო გააჭიანურებს.