აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალური ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავზე თავდასხმების სამივე ადგილი მოინახულა.
ნიუ-იორკში, იქ, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები იდგა, ჯო ბაიდენმა დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილების ხსოვნას. მის გვერდით იმყოფებოდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი. აშშ-ის სამ ლიდერს მეუღლეები ახლდათ თან.
ნიუ-იორკიდან ჯო ბაიდენი პენსილვანიაში, შენკსვილში გაემართა, სადაც ოცი წლის წინ ერთ-ერთი გატაცებული თვითმფრინავი ჩამოვარდა, შემდეგ კი, პენტაგონის მემორიალი მოინახულა.
11 სექტემბრის მემორიალურ ღონისძიებებზე ჯო ბაიდენი სიტყვით არ გამოსულა. მან ვიდეომიმართვა ტერაქტების 20 წლისთავამდე ერთი დღით ადრე, 10 სექტემბერს გაავრცელა.
2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა.
2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.