აშშ-ში 11 სექტემბერს, 09:11 საათზე ბავშვი დაიბადა, რომელიც 9.11 ფუნტს იწონის
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის 11 სექტემბერს (9.11), 09:11 საათზე ბავშვი დაიბადა, რომელიც 9,11 ფუნტს იწონის, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პატარა კრიქსინა ბრაუნი ქვეყანას ტენესის შტატის ქალაქ ჯერმანთაუნში მდებარე სამშობიაროში მოევლინა.
„მშობიარობის შემდეგ ექიმმა გამოაცხადა, რომ ახალშობილის დაბადების ზუსტი დრო 09:11 საათი იყო. შემდეგ ექიმებმა პატარა აწონეს და აღმოჩნდა, რომ ის 9 ფუნტსა და 11 უნციას იწონიდა. მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ 11 სექტემბერი იყო და ამ სიმბოლურმა რიცხვმა მთელი სამშობიარო მონუსხა“, – განაცხადა ახალშობილის მამამ „ბიბისისთან“ ინტერვიუში.
პატარა კრისტინა ბრაუნის დედამ კი, აღნიშნა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის საშინელი დანაკარგის შემდეგ მისი შვილი ახალი სიცოცხლე და იმედის სიმბოლოა, რომელიც ყველა ადამიანს ჰაერივით სჭირდება.
სამშობიაროს ექიმები აცხადებენ, რომ სამედიცინო ცენტრის 35-წლიან ისტორიაში ახალშობილის დაბადების დღე, საათი და წონა ერთმანეთს არასდროს დამთხვევია.
2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანით აშშ-ში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენზე თავდასხმა განხორციელდა, კიდევ ერთი საფრენი აპარატი პენტაგონის შენობას დაეჯახა, მეოთხე თვითმფრინავი კი, სომერსეტის ოლქში ჩამოვარდა. ტრაგიკულ დღეს 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ექვსი ათასი კი, დაშავდა.