აშშ-ის სენატში საგამოძიებო კომისიამ წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კაველაძე დაკითხა
აშშ-ის სენატში სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კაველაძე დაკითხა. კაველაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც 2016 წლის ივნისში დონალდ ტრამპ უმცროსისა და რუსი ადვოკატის ნატალია ვესელნიცკაიას შეხვედრას ესწრებოდა.
სააგენტო “როიტერსის” ცნობით, კონგრესში ცდილობენ დაადგინონ, ხომ არ იყო კაველიძე ამ შეხვედრის ორგანიზატორი.
კაველიძეს მიმართ ინტერესი ასევე უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ის 2013 წელს ლას ვეგასში გამართულ კერძო სადილს დაესწრო, სადაც ასევე იმყოფებოდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსული ჰოლდინგის Crocus Group-ის პრეზიდენტი არაზ აგალაროვი. როგორც ცნობილია, ისინი სილამაზის კონკურს “მის სამყაროს” მოსკოვში ჩატარებასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას აღნიშნავდნენ.
როგორც “როიტერსი” წერს, აშშ-ის მოქალაქე კაველაძე აგალეროვის ინტერესებს იცავდა. ახლა კონგრესი არკვევს, რა სახის კავშირები აქვს მას ტრამპის ოჯახის წევრებთან.
მანამდე კონგრესს ჩვენება მისცა ტრამპის ვაჟმაც. დონალდ ტრამპ უმცროსი აღიარებს, რომ რუს იურისტ ვესელნიცკაიას მართლაც შეხვდა, თუმცა უარყოფს ინფორმაციას, რომ შეხვედრას ჰილარი კლინტონზე კომპრომატების მისაღებად დაესწრო.
CNN ამტკიცებს, რომ ამ მოლაპარაკებებს რვა ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ტრამპის შვილი, სიძე ჯარედ კუშნერი, საარჩევნო შტაბის უფროსი პოლ მანაფორტი, პროდიუსერი რობ გოლდსტოუნი, ლობისტი რინატ ახმეტშინი და რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე ირაკლი კაველძე.
ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ტრამპ თაუერში გამართული ეს შეხვედრა ამტკიცებს, რომ ტრამპს რუსეთთან ჰქონდა კავშირი.