აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტი ადასტურებს, რომ რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე ზეგავლენას ცდილობდა
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა დაადასტურა, რომ რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე ზეგავლენას ცდილობდა. ამის შესახებ კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
„უკანასკნელი 16 თვე კომიტეტის წევრებმა დეტალურად შეისწავლეს ის წყაროები, მეთოდები და ანალიტიკური საქმიანობა, რომელთაც ეფუძნება აშშ-ის სპეცსამსახურების დასკვნები“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ბერმა.
მისივე თქმით, კომიტეტის წევრებს არ აქვთ საფუძველი, ეჭვი შეიტანონ სპეცსამსახურების დასკვნაში, რომლის მიხედვითაც რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა და შედეგებზე ზემოქმედებას ცდილობდა.
ბერის განცხადებით, საქმის გამოძიება გრძელდება და კანონმდებლებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს ხანში ახალი დეტალები გახდება ცნობილი.
მაისში სენატის დაზვერვის კომიტეტმა, რუსეთის არჩევნებში ჩარევის შესახებ აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ანგარიშის ნაწილი გაასაჯროა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კრემლი 2016 წლის არჩევნებში ერეოდა. სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარკ უორნერის თქმით, რუსეთის ეს კამპანია დეტალურად იყო გაწერილი და მიზნად დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის შელახვას ისახავდა მიზნად.