ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მოჰამედ ბინ სალმანს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა განუცხადა, რომ იემენში მიმდინარე კონფლიქტის დეესკალაციაში საუდის არაბეთმა თავისი როლი უნდა შეასრულოს.
„ამერიკის შეერთებული შტატები, გაერო-სთან ერთად, იემენში კონფლიქტის დასრულების საკითხზე მუშაობს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საუდის არაბეთი ამ პროცესს შეუერთდება და იემენის კრიზისის გადაჭრაში საკუთარ როლს ითამაშებს“, – განაცხადა მეტისმა.
იემენში ომი 2015 წელს დაიწყო. ირანის მოკავშირე ჰუსიტების შეიარაღებული დაჯგუფების გაძლიერების ფონზე, საუდის არაბეთმა, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად, სამხედრო კოალიცია შემქნა, რომელიც მესამე წელია იემენში მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საჰაერო იერიშს ახორციელებს. საზღვაო ბლოკადის გამო, მოსახლეობას სამედიცინო დახმარება და ჰუმანიტარული ტვირში შეფერხებით მიეწოდება. ქვეყანაში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი და ქოლერის ეპიდემია მძვინარებს.
იემენის კრიზისს 2015 წლის გაზაფხულიდან დღემდე 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 40 000-ზე მეტი დაშავდა, 50 000-მდე მოზარდი კი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.