აშშ-ი საუდის არაბეთის კოალიციას იემენში ავიაიერიშების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები საუდის არაბეთის კოალიციას იემენში ავიაიერიშების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიპლომატის თქმით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში არსებული ვითარების გამოსწორების მიზნით მოლაპარაკებები „მესამე ქვეყანაში“ უნდა გაიმართოს.
„საომარი მოქმედებების დასრულების დრო დადგა. მათ შორის საუდის არაბეთის კოალიციის ავიაიერიშები ამბოხებული ჰუსიტების პოზიციებზე. ამ წლის ნოემბერში მესამე ქვეყანამ გაეროს-თან ერთად კონსულტაციები უნდა დაიწყოს, რათა კონფლიქტის ძირითადი პრობლემები მოგვარდეს და დემილიტარიზებული ზონები შეიქმნას“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, საუდის არაბეთის კოალიციამ ჰოდეიდას პორტში ამბოხებულების პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
კოალიციის წარმომადგენლების ცნობით, ავიაიერიშის შედეგად 150 ამბოხებული ჰუსიტის ლიკვიდაცია მოხერხდა.
იემენში ამბოხებულ ჰუსიტებსა და ხელისუფლებას შორის შეიარაღებული დაპირისპირება 2014 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ხელისუფლებას საუდის არაბეთის კოალიცია საჰაერო ოპერაციით ეხმარება.