აშშ საქართველოს დახმარების სახით 105 მილიონ 320 ათას დოლარს გამოუყოფს
კონგრესში დემოკრატები და რესპუბლიკელები 1,3 ტრილიონი ბიუჯეტის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ. ბიუჯეტზე მსჯელობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაცვისა და სამხედრო ბიუჯეტი 700 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით თავდაცვის ბიუჯეტი 13%-ით გაიზარდა.
აშშ-ის ახალი ბიუჯეტის პროექტი საქართველოსა და უკრაინისთვის თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. საუბარია 105 320 000 დოლარზე, რომელიც საქართველოს დახმარების სახით გამოეყოფა, უკრაინას კი 420 700 000 დოლარი.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა აღნიშნული კანონპროექტი ახალი ეპოქის დასაწყისად შეაფასა.
აღნიშნული ბიუჯეტი მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხასაც ითვალისწინებს. ამისთვის 1, 6 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. კანონპროექტი შიდა უსაფრთხოებისთვის 46 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ახალი კანონპროექტი, რომელიც ძალაში 2018 წლის სექტემბრიდან შევა, ითვალისწინებს აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოსთვის (NASA) 500 მილიონით მეტი თანხის გამოყოფას, კერძოდ, მომავალი წლიდან NASA-ს ბიუჯეტი 19 მილიარდ 500 მილიონი იქნება.