აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხალ „ფლორენსის“ გამო 190 ათასამდე მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ამერიკის შეერთებული შტატების სახმრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხალ „ფლორენსის“ გამო 190 ათასამდე მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიის ეპიცენტრი ამჟამად სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინების შტატებშია. ტროპიკული შტორმის სიძლიერე პირველ კატეგორიამდე დაეცა. თუმცა, ადგილობრივი მთავრობები აცხადებენ, რომ ქარიშხალი ადამიანის სიცოცხლისთვის კვლავ საფრთხის შემცველია.
ტროპიკულმა შტორმმა სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინების შტატებში ძლიერი წვიმა და საათში 120 კილომეტრის სიჩქარის ქარი გამოიწვია. სანაპირო ზოლთან ახლოს არსებული დასახლებები კი, ოკეანის წყლით დაიტბორა. ადგილობრივი მთავრობები აცხადებენ, რომ ძლიერმა წვიმამ ქალაქებში შესაძლოა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვიოს.
ამასთან, ჩრდილოეთ კაროლინის გარკვეულ ნაწილებში ქარბორბალას წარმოქმნის საშიშროებაც არსებობს. ამერიკის შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე სტიქიამ შესაძლოა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზოლში „კატასტროფული წყალდიდობები“ გამოიწვიოს.