აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ფლორენსი“ დაატყდა თავს
ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლს ქარიშხალი „ფლორენსი“ დაატყდა თავს. სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების ოკეანისპირა ქალაქების ნაწილი უკვე დაიტბორა.
სანაპირო ზოლში დაიწყო ძლიერი წვიმაც. რამაც, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა, მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვიოს.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების გუბერნატორები მოსახლეობას სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ტროპიკული შტორმი შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდეს. ამიტომ იმ პირებს, რომლებსაც სტიქიის ზონა ჯერ არ დაუტოვებიათ, უსაფრთხო ადგილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის ადგილობრივი მოსახლეობისთვის 62 თავშესაფარი მოქმედებს. მათგან მხოლოდ ნახევარია შევსებული.