აშშ სამ რუსულ მედიას, „სბერბანკისა“ და „გაზპრომბანკის“ ხელმძღვანელ პირებს სანქციებს დაუწესებს
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა, რომელთა დაწესებას „დიდი შვიდულის“ ქვეყნებთან ერთად გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა და „დიდი შვიდულის“ ქვეყნებმა შეხვედრა გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება უკრაინის პოზიციების გამყარებაში როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენი მხრიდან დაწესებული უპრეცედენტო სანქციები უკვე უზარმაზარ ზარალს აყენებს რუსეთის ეკონომიკას და ჩვენმა ექსპორტის კონტროლმა ჩაახშო რუსეთის წვდომა მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე და მიწოდების ჯაჭვებზე, რომელიც მას სჭირდება სამხედრო ამბიციების შესანარჩუნებლად. პუტინის ომმა შესაძლოა, გაანადგუროს რუსეთში ბოლო 15 წლის ეკონომიკური მიღწევები. პუტინმა ვერ მიაღწია თავის თავდაპირველ სამხედრო მიზანს, დაუფლებოდა უკრაინას, მაგრამ მან მოახერხა, რუსეთი ექცია გლობალურ განდეგილად“, – ნათქვამია განცხადებაში.
თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, შემდგომი სანქციები დაწესდება რუსეთის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ მედიაზე, „რუსეთის პირველ არხზე“, „რუსეთი ერთზე“ და „ნტვ“-ზე, ასევე, შეიზღუდება რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი პირისთვის აშშ-ის მოქალაქის მხრიდან ბუღალტრული, კორპორაციული და მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რუსული კომპანიებისა და ელიტის მხრიდან სიმდიდრის დაგროვების, ქონების დამალვისა და სანქციებისგან თავის არიდების მიმართულებით.
გარდა ამისა, აშშ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, ეტაპობრივად შეზღუდონ რუსული ნავთობის იმპორტი და შეამცირონ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, აშშ გამოსცემს ახალ კანონს, რომლითაც შეზღუდვები დაწესდება რუსეთის ინდუსტრიულ სექტორზე.
თეთრი სახლის ინფორმაციით, იგეგმება სანქციების დაწესება რუსულ ელიტაზე და მათი ოჯახის წევრებზე, ასევე რუს და ბელარუს ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. სანქციების ქვეშ აღმოჩნდა რუსეთის უმსხვილესი ბანკების -„სბერბანკის“ რვა და „გაზპრომბანკის“ 27 აღმასრულებელი პირი.