აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ თურქეთში მოგზაურობისგან
სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ტერორიზმისა და უკანონო დაკავებების ფონზე, კიდევ ერთხელ გადახედონ თურქეთში გამგზავრების საკითხს. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ თურქეთ-სირიის საზღვართან გადაადგილებისგან, ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე 15 პროვინციაში მოგზაურობისგან, რადგან არსებობს ტერორიზმის საფრთხე.
აშშ-ის ხელისუფლება ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ თურქეთში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში, ათობით ათასი ადამიანი, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებიც, 2016 წლის 15 ივლისის არშემდგარ სამხედრო გადატრიალებასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. მათ კი, ვინც მაინც გაემგზავრება თურქეთში, რეკომენდაცია ეძლევათ, მოერიდონ უცხოელთა თავშეყრის ადგილებსა და დემონსტრაციებს, ღამის გასათევად აირჩიონ ისეთი სასტუმროები, სადაც დაცულია უსაფრთხოების ზომები და სპეციალურად შექმნილ სისტემაში რეგისტრაციით, საქმის კურსში ჩააყენონ სახელმწიფო დეპარტამენტი მათი გეგმების შესახებ .