აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - რელიგიური აქტივობები კვლავ შეზღუდული რჩება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - რელიგიური აქტივობები კვლავ შეზღუდული რჩება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიში რელიგიური თავისუფლების შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რელიგიური აქტივობები კვლავ შეზღუდული რჩება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში, რომლებიც ცენტრალური მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანახმად, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ვერ აღავლენენ ღვთისმსახურებას „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ იანვარში აფხაზეთში, სოფელ წებელდაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბულდოზერით დაანგრიეს მე-19 საუკუნის ეკლესია და სასაფლაო რუსული სამხედრო ბაზისთვის პოლიგონის მოწყობის მიზნით. 17 ოქტომბერს კი „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „უზენაესმა სასამართლომ“ „იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა. ამავე ანგარიშის თანახმად „იეჰოვას მოწმეების“ აკრძალვა გაგრძელდა აფხაზეთშიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა.