აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოს მთავრობას ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და საპასუხო რეაგირება შეუძლია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოს მთავრობას ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და საპასუხო რეაგირება შეუძლია

საქართველოს მთავრობას ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და საპასუხო რეაგირება შეუძლია. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული.

დოკუმენტის ავტორთა თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავებაში მოწინავე პოზიცია აქვს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ტერორისტულ ინციდენტებთან გამკლავებაში მოწინავე პოზიცია აქვს, კარგად არის აღჭურვილი და გაწვრთნილი. 2017 წელს საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ხელი მოაწერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს კრიზისული სიტუაციების მართვის ერთობლივი ცენტრის ამოქმედებას, რომელიც ტერორისტული აქტის შემთხვევაში მუშაობს“, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველომ 2017 წელს, აზერბაიჯანთან და თურქეთთან სახმელეთო საზღვრის ხუთ სექტორზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება შეძლო. ამავდროულად, შეიქმნა რისკებისა და საფრთხეების შეფასების დანაყოფი, რომელიც ევროკავშირში მოქმედი მოდელით მუშაობს. პარალელურად, საქართველომ ხელი მოაწერა მემორანდუმს NATO-ს საზღვაო ძალების სამეთაურო შტაბთან.

„საქართველო გახდა NATO-ს პარტნიორი, ალიანსის მეთაურობით მიმდინარე ოპერაციაში “ზღვის მცველი”, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. მთავრობამ ასევე მიიღო დამატებითი უსაფრთხოების ზომები საავიაციო სექტორშიც” – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2017 წლის ნოემბერში, თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაცია, რომლის მიზანიც საცხოვრებელ კორპუსში გამაგრებული ოთხი ტერორისტის დაკავება იყო.

„21-22 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფმა ჩაატარა სპეცოპერაცია თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში. ოპერაციის მიზანი იყო ოთხი ტერორისტის დაკავება, რომლებმაც სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნეს. ტერორისტული დაჯგუფების ერთი წევრი დააკავეს, ორი მოკლეს, ხოლო მეოთხემ თავი აიფეთქა. საქართველის მთავრობამ მოკლულთაგან ერთ-ერთის ამოცნობა შეძლო. მათი თქმით, ეს საერთაშორისო ტერორისტი ახმედ ჩატაევი იყო. ერთი ქართველი ოფიცერი დაიღუპა, ხოლო სამი დაიჭრა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორები 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული რეიდის შესახებაც წერენ. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ღონისძიება სასამართლოს ნებართვით ჩატარდა.

„სამართალდამცველებმა დააკავეს ოთხი პირი, რომელთაც, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდათ ჩატაევთან. ერთ-ერთი მამაკაცი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. 2017 წლის ბოლოს ორივე რეიდის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა“, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ივლისში საქართველოს მთავრობამ დაიწყო გამოძიება საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” წევრების მხარდამხარ ბრძოლაშია ბრალდებული.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საქართველოში ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე გამოძიება უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული.

„საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სერვისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ტერორიზმის პოტენციური დაფინანსების საქმეზე, რომელშიც ფიგურირებდა უცხო ქვეყნის მოქალაქე. მას ლოკალურ კერძო ბანკში ანგარიშის გახსნა სურდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას კავშირი ჰქონდა სირიაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან. გამოძიება 2017 წლის ბოლოს ჯერ კიდევ გრძელდებოდა“, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, სულ 2016 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში საქართველოში, ტერორიზმის დაფინანსების სამი სავარაუდო შემთხვევა გამოვლინდა. სამივე მათგანის გამოძიება გრძელდება.