საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული. როგორც დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთვარობამ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა გასწია.
„საქართველო რჩება პირველ კალათაში, რადგან საქართველოს მთავრობამ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა გასწია, მსხვერპლთა იდენტიფიკაციისთვის სამართალდამცველების ინსტრუქციების დახვეწის, მსხვერპლთა მიმართ მოპყრობისა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სკრინინგის გზით. მთავრობამ საანგარიშო პერიოდში ტრეფიკინგის მეტი მსხვერპლი გამოავლინა და მათ ზრუნვის ფართო პროგრამები შესთავაზა. 2017 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გამოყო გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რაც 10 ქალაქში ტრეფიკინგის შესახებ ცნობადობის ამაღლების აქტივობების ორგანიზებას ემსახურებოდა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოში ქუჩაში მცხოვრები ბავშვების იდენტიფიცირება ჯერ კიდევ პრობლემად რჩება.
„ისევე როგორც გასულ წლებში, შრომის ინსპექტორები ბუნდოვანი მანდატით მოქმედებდნენ, რაც მათ არ აძლევდათ საშუალებას, ეფექტურად გამოეძიებინათ დამსაქმებელთა დარღვევები. ტრეფიკინგის არც ერთ მსხვერპლს არ მიუღია რეინსტიტუცია ტრეფიკინგში ჩართული პირებისგან, ხოლო დამკვირვებლები მიუთითებენ, რომ მთავრობის საქმიანობა სათანადოდ გამჭვირვალე არ იყო” – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ავტორთა თქმით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის 12 მსხვერპლი გამოავლინა. მობილურმა ჯგუფებმა შეამოწმეს სასტუმროებსა და ღამის კლუბებში მომუშავე 682 ადამიანი და მათგან 55 “ტრეფიკინგის მაღალი რისკის” ჯგუფში შეიყვანეს, რაც ნიშნავს, რომ მათი შრომის პირობები სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ხელისუფლებამ ასევე მოახდინა სხვა ქვეყნებიდან დეპორტირებული საქართველოს 3085 მოქალაქის შემოწმება.
ანგარიშის ავტორთა მონაცემებით, 2017 წელს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა 105 უსახლკარო და ქუჩაში მცხოვრები ბავშვის იდენტიფიცირება შეძლეს.
„მთავრობამ სამ ბავშვს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები გადასცა. შესაბამისად, მათთვის ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვისა და განათლების სერვისები. დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი გადასცეს 13 უსახლკარო ბავშვს, ერთმა არასრულწლოვანმა მუდმივი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი მიიღო, ხოლო ხუთ ბავშვს, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლს წარმოადგენდნენ, პასპორტები გადასცეს“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და მსხვერპლთა მხარდაჭერის სხვა პროგრამებზე, შარშანდელთან შედარებით, მეტი დაფინანსება გამოყო. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის პრევენციისთვისაც მეტი ძალისხმევა გასწია, თუმცა, როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, მთავრობის საქმიანობა სათანადოდ გამჭვირვალე არ ყოფილა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ საქართველო უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში რჩება ტრეფიკინგში ჩართული პირებისთვის სატრანზიტო ქვეყნად, საუბარია სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგზე და ასევე შრომითი ექსპლოატაციის მსხვერპლთა გადაყვანაზე.
„საქართველოში მცხოვრები ქალები ყველაზე ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლი თურქეთში ხდებიან, ასევე ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. საქართველო ასევე არის სატრანზიტო ქვეყანა იმ ქალებისთვის, რომლებიც ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან თურქეთში გადაჰყავთ. ქალებს აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებენ აჭარის რეგიონში, ასევე დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ბათუმი და თბილისი. საქართველოს მოქალაქეები კი შრომით ექსპლოატაციას განიცდიან თურქეთში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ეგვიპტეში, კვიპროსსა და ერაყში” – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ ქართველ, ბოშა და ქურთ ბავშვებს საქართველოში ხშირად აიძულებენ მათხოვრობას.
სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის 23 შემთხვევა გამოიძია. გასამართლებულია ოთხი პირი, რომლებსაც სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგში დასდეს ბრალი. დამნაშავედ ცნეს ტრეფიკინგში ჩართული ოთხი პირი. მათ 10-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე საქართველოდან გააძევს ტრეფიკინგში ჩართული ოთხი პირი.
თუმცა, როგორც დოკუმენტში წერია, დამკვირვებლები მიუთითებენ, რომ აჭარის რეგიონში ტრეფიკინგთან ბრძოლის დეპარტამენტში თანამშრომელთა რაოდენობა საკმარისი არ არის. არსებობს გამოცდილი გამომძიებლებისა და ქალი გამომძიებლების დეფიციტიც.
როგორც ანგარიშის ავტორები ამბობენ, საქართველოს მთავრობისთვის ასევე კვლავ პრობლემად რჩება ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, რადგან ხელისუფლება ამ ტერიტორიებზე კონტროლს ვერ ახორციელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში აშშ-ის მთავრობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მეტი ძალისხმევა გასწიოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებსა და საქართველოსა და უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც შრომით ექსპლოატაციას განიცდიან.
„ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ღონისძიებებში უნდა იყოს ჩართული შრომის ინსპექცია, რომელსაც ექნება მკაფიო მანდატი, რაც განსაზღვრავს მის როლსა და პასუხიმგებლობას და ასევე საშუალებას აძლევს ინსპექციას, გაფრთხილების გარეშე ჩაატაროს დამსაქმებელთა შემოწმება. ასევე გამოიძიოს და გაასამართლოს ტრეფიკინგში ბრალდებული პირები, გაზარდოს სამართალდამცველების შესაძლებლობები, რათა მათ კომპლექსური საქმეების გამოძიება შეძლონ.
ასევე მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, რათა ტრეფიკინგის მსხვერპლს კომპენსაციის მიღების საშუალება მიეცეს. ამავე დროს, უფრო გამჭვირვალე გახადოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობა და ეს ინფორმაცია გაასაჯაროოს. სრულად აამოქმედოს კანონი, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის დოკუმენტების უფასოდ გადაცემას ითვალისწინებს. ასევე შექმნას უწყებათაშორისი სტრატეგია, რომელიც იძულების წესით მათხოვრობის შემთხვევებს აღმოფხვრის” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.