აშშ-მა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებსა და მათ რატიფიცირებას.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. „შეთანხმებას“, რომელსაც რეალურად ძალა არ აქვს და საერთაშორისო შეთანხმებას არ წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით უცვლელია – აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ფედერაციას განცხადებაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წელს დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.