აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნაუერტმა სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
ამასთან, ნაუერტის თქმით, აშშ ასევე ღრმადაა შეშფოთებული საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების გამო.
„მოვითხოვთ, მათ თავისუფლად გადაადგილების უფლება მიეცეთ“, – განაცხადა ნაუერტმა.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების სრულად დადგენას მოითხოვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. ოჯახისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არც ტატუნაშვილის ცხედარი გადაუციათ.