აშშ-ის სახაზინო მდივანი საუდის არაბეთში დაგეგმილ საინვესტიციო კონფერენციას არ დაესწრება
აშშ-ის სახაზინო მდივანი საუდის არაბეთში დაგეგმილ საინვესტიციო კონფერენციას არ დაესწრება

აშშ-ის სახაზინო მდივანი სტივენ მნუჩინი საუდის არაბეთში დაგეგმილ საინვესტიციო კონფერენციას არ დაესწრება. როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, ამის მიზეზი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების საქმეა.

როგორც CNN-ი იუწყება, ერ-რიადიდან დაბრუნებულმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ურჩია, საუდის არაბეთს ჟურნალისტის გაუჩინარების საქმის გამოსაძიებლად კიდევ რამდენიმე დღე მისცეს.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილ კონფერენციაზე მონაწილეობაზე უარი ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა თქვეს.

ამასთან, თურქული მედიის ცნობით, თურქი სამართალდამცველები სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ცხედარს ეძებენ. გავრცელებული ცნობით, ძიება მიმდინარეობს სტამბოლისა და იალოვის პროვინციის მიმდებარე ტერიტორიებსა და ტყის მასივებში.

სამართალდამცველებმა შეისწავლეს როგორც დიპლომატიური ნომრებით რეგისტრირებული საკონსულოს ავტომობილების გადაადგილება, ასევე ყველა ავტომობილის მარშრუტი, რომელიც საკონსულოს სიახლოვეს დაფიქსირდა და გამომძიებლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს.

მანამდე ჩხრეკა ჩატარდა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში და კონსულის რეზიდენციაში.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ის მოკლეს, სხეული კი დაანაწევრეს.