აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი რუსეთისა და ჩინეთის გემებს „შავ სიაში“ შეიყვანს
რუსეთის გემები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან სანქციების გვერდის ავლით, სავაჭრო ურთიერთობაში არიან, შავ სიაში მოხვდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა.
მისი თქმით, არალეგალური საზღვაო ვაჭრობა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს ბირთვული პროგრამის განვითარებაში ეხმარება.
„ჩვენ ჩვენსავე მოკავშირეებთან ერთად კონტროლს დავაწესებთ ჩრდილოეთ კორეისკენ მიმავალ გემებზე, რომელიც არღვევენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებულ სავაჭრო და ეკონომიკურ სანქციებს ფხენიანის მიმართ და არაკანონიერად აწარმოებენ ჩრდილოეთ კორეასთან საზღვაო ვაჭრობას. ჩვენი ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ფხენიანმა ვეღარ შეძლოს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება რუსეთის თუ ჩინეთის გემები. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ყველა ხომალდი, რომელიც ფხენიანთან სავაჭრო ურთიერთობაში იქნება შემჩნეული, შავ სიაში შევიტანოთ”, – განაცხადა მნუჩინმა.
ასევე სახაზინო დეპარტამენტში მომზადებულ „კრემლის შესახებ ანგარიშში“ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 114 პოლიტიკოსი და 96 რუსი ოლიგარქი მოხვდა. აღნიშნული სია ამ ეტაპზე სანქციებს არ ითვალისწინებს, თუმცა ე.წ. პუტინის ელიტის წევრების იდენტიფიცირებას ახდენს.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები სამჯერ დააწესა. ამის მიუხედავად, ფხენიანის რეჟიმს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა არ შეუწყვიტავს. ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებს წყნარ ოკეანეში მდებარე გუამის სამხედრო ბაზაზე თავდასხმით არაერთხელ დაემუქრა.
2017 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე გაეროს მიერ დაწესებულ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ კიმ ჩენ ინის რეჟიმის მოკავშირე რუსეთი და ჩინეთიც შეუერთდნენ. მკაცრი სანქციების მიუხედავად, ვაშინგტონის ინფორმაციით, ფხენიანთან სანქციების გვერდის ავლით საზღვაო ვაჭრობა არალეგალურად მაინც ხორციელდება.